ბლოგი

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფერო კვლავაც პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა და აღნიშნული  სექტორის წახალისების მიზნით უამრავი პროექტი შესრულდა. ასევე, იგეგმება ახალი პროექტების წამოწყება.

სოფლის მეურნეობის წამახალისებელი პროექტები სახელმწიფოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება. თუმცა, გრანტის მიღება და შენარჩუნება ფერმერს კონტრაქტში გაწერილი მკაცრი პირობების შესრულების საფუძველზე შეეძლება. ეს კი, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული კონტროლის გავლის მიზნით, აღნიშნული საქმიანობის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აღწერას საჭიროებს.

ბასს 41 ბიოლოგიური აქტივები –  წარმოადგენს ერთ-ერთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც უშუალოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბუღალტრული აღრიცხვისთვის. ეს სტანდარტი აღწერს ბიოლოგიურ აქტივებსა და მიღებულ პროდუქციას მხოლოდ ნაყოფის მიღების მომენტისათვის. შესაბამისად, წინამდებარე სტანდარტი არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებას მისი ნაყოფად მიღების შემდეგ. მაგალითად, ყურძნის გადამუშავება ღვინოდ ან რძის გადამუშავება ყველის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამგვარი გადამუშავება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ლოგიკური და ბუნებრივი გაგრძელება იყოს, იგი სცდება სტანდარტის მოქმედების სფეროს.

საილუსტრაციოდ მოკლედ მიმოვიხილოთ მიმდინარე სახელმწიფო გრანტები:

დანერგე მომავალი- მრავალწლოვანი ბაღებისა და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების პროექტია. ბასს-41-ის მიხედვით, მრავალწლოვანი ბაღები 2016 წლის პირველ იანვრამდე აღირიცხებოდა როგორც ბიოლოგიური აქტივი, ამჟამად, აღნიშნული კატეგორია გამოეყო 41-ე სტანდარტს და ბასს 16-ის გავლენის სფეროში მოექცა როგორც სანაშენე ბიოლოგიური აქტივი და ძირითად საშუალებად განიხილება. აქედან გამომდინარე, ბიოლოგიური აქტივის აღრიცხვის ძველი მეთოდიკა მთლიანად შესაცვლელია და კუთვნილი ბიოლოგიური აქტივების სწორი კლასიფიკაციის თვალსაზრისით ფერმერი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფოსგან მიღებული გრანტი ითვალისწინებს მთელ რიგ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც ფერმერს მოეთხოვება. ასეთი ტიპის გრანტს „პირობით გრანტს“ ვუწოდებთ და მისი აღრიცხვა, თავისთავად, განსხვავდება უპირობო გრანტისგან. მიღებული გრანტის აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მისი ყოველგვარი პირობა დაკმაყოფილდება. რაც არ უნდა მარტივად მოგვეჩვენოს მოცემული პირობა, სტანდარტებში 2016 წლის ცვლილება მდგომარეობას კვლავ ართულებს და ამ ტიპის სახელმწიფო გრანტს, რომელიც მიმართულია სანაშენე ბიოლოგიური აქტივის დაფინანსებასთან, განიხილავს არა ბასს 41-ის, არამედ ბასს 20-ის შესაბამისად, რომლის აღრიცხვა ფუნდამენტურად განსხვავდება ბასს 41-ის მოთხოვნებთან შედარებით.

ასეთივე მდგომარეობაა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებითაც. ჩაის ბუჩქი აღარ მიეკუთვნება ბიოლოგიური აქტივის ტიპს და ბასს 16-ის საფუძველზე აღირიცხება. სახელმწიფო გრანტების პირობითი ხასიათი და მისი აღრიცხვის ბასს 41-ი სტანდარტისგან გამიჯვნა დამატებით გამოწვევას ქმნის ფერმერისთვის.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტში ცვლილების შესაბამისად, ჩაის ბუჩქი და მრავალწლოვანი ხეხილი აღირიცხება როგორც სანაშენე ბიოლოგიური აქტივი,  ნაყოფი კი, რასაც მოცემული მცენარეები მოისხამს უნდა აღირიცხოს ბასს 41-ის და არა ბასს 16-ის შესაბამისად.

თუმცა, ასეთი სახის სირთულით ბიოლოგიური აქტივების აღწერა არ მოეთხოვება მცირე და საშუალო  ზომის სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებს: მათთვის არსებობს ცალკე შემუშავებული სტანდარტი, რომელიც რამდენიმე გამონაკლისს უშვებს მცირე ბიზნესისთვის. მაგალითად, ასეთი სტანდარტი არ მოითხოვს კუთვნილი ბიოლოგიური აქტივების ყოველი საბუღალტრო წლის ბოლოს გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული რეალური ღირებულებით გადაფასებას.

დასკვნა მაინც ცალსახაა, ფერმერისთვის მის ხელთ არსებული ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვა საკმაოდ გართულებულია. ერთი შეხედვით პრინციპების დონეზე დაყვანილი ბასს-ის პრაქტიკაში იმპლემენტაცია საკმაოდ გამოცდილ ბუღალტრებსაც დიდ საფიქრალს გაუჩენს. სტანდარტი არ განმარტავს იმას, თუ როდის უნდა მოხდეს თუნდაც ხეხილის ნაყოფის ბასს 41-ით აღწერა, ყვავილობისას თუ მომწიფებისას, მისი აღრიცხვა მხოლოდ ბუღალტრის პროფესიულ მსჯელობას ემყარება.

ფერმერულ გაერთიანებებს ვურჩევთ დაუყოვნებლივ დაუპირისპირდნენ აღნიშნულ გამოწვევას და დაიწყონ ცოდნის გაღრმავება აღრიცხვის ახალ სტანდარტთან მიმართებით. სირთულის მიუხედავად, თითოეული აქტივის ასეთ დონეზე შეფასება ფერმერს უფრო ნათლად დაანახებს რა სახის სიმდიდრეს ფლობს და არსებული აქტივებიდან რა  მოგებას უნდა ელოდოს მომავალში.

ავტორი: admin

კომენტარის დატოვება