ბლოგი

ფაქტია, რომ დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებადი კომპანიების უმეტესობა თვლის, რომ მატერიალური გრძელვადიანი აქტივები ცალსახად კლასიფიცირდებიან ძირითად საშუალებებად და მათთან მიმართებით საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო მე-16 სტანდარტის გამოყენება. მატერიალური გრძელვადიანი აქტივების კლასიფიკაცია დამოკიდებულია ამ აქტივების ფლობისა და გამოყენების მიზნობრიობაზე, შესაბამისად, აქტივთა გამოყენების ბუნების დადგენის გარეშე მათი ძირითად საშუალებებად კლასიფიცირება გამართლებული არ არის.

ამჯერად გვინდა გესაუბროთ საინვესტიციო ქონების კლასიფიკაციის საკითხებზე. მაგალითად, თუ მატერიალური გრძელვადიანი აქტივი გამოიყენება პროდუქციის წარმოებისთვის ან მომსახურების გასაწევად, ეს აქტივი წარმოადგენს ძირითად საშუალებას. ხოლო თუ აქტივი გამოიმუშავებს საიჯარო შემოსავალს, მაშინ უკვე საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირების აუცილებლობა უნდა შეფასდეს.

იმ შემთხვევაში, თუ აქტივი ფინანსური იჯარით არის გაცემული მეორე მხარეზე, მაშინ აქტივი კლასიფიცირდება ძირითად საშუალებად. თუმცა, თუ იჯარა საოპერაციოა, აქტივი არის საინვესტიციო ქონება.

ბასს 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება – მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი – რომელსაც ვფლობთ საიჯარო შემოსავლების მიღების, კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით. ხოლო საინვესტიციო ქონების აღიარება უნდა მოხდეს, როცა –

  • შესაძლებელია, რომ მომავალში ამ აქტივთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებელი შემოვა კომპანიაში;
  • საინვესტიციო ქონების ღირებულება შესაძლებელია, რომ საიმედოდ შეფასდეს.

თუ თქვენი კომპანია ფლობს:

  • მიწას, რომელსაც იტოვებთ მფლობელობაში და ელოდებით მომავალში მისი ფასის ზრდას;
  • მიწას, რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს განსაზღვრული გამოყენების დანიშნულება. მაგალითად, მიწის ნაკვეთები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში შეიძინეთ და ჯერჯერობით არ იცით, რისთვის გამოიყენებთ აღნიშნულ აქტივებს მომავალში;
  • შენობას, რომელიც საოპერაციო იჯარით არის გაცემული ერთ ან რამდენიმე მოიჯარეზე;
  • ვაკანტურ შენობას, რომლის გაქირავებასაც უმოკლეს პერიოდში აპირებთ;
  • შენობას, რომელიც მშენებლობის პროცესშია და გამიზნულია დასრულების შემდეგ გასაქირაველად.

მაშინ, ბასს 40-ის მიხედვით, ასეთი აქტივები საინვესტიციო ქონებად უნდა დააკლასიფიციროთ.

აღრიცხვის კუთხით, ძირითადი საშუალებებისა და საინვესტიციო ქონების მთავარი განმასხვავებელი ფაქტორია შემდგომი შეფასების მოდელები. ბასს 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონების შემდგომი შეფასებისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თვითღირებულებისა და რეალური ღირებულების მოდელებს შორის ერთ-ერთი. თვითღირებულების მოდელის არჩევის შემთხვევაში თქვენ ზუსტად ისე აღრიცხავთ საინვესტიციო ქონებას, როგორც ბასს 16-ის თვითღირებულების მოდელის შემთხვევაში. იმ განსხვავებით, რომ საინვესტიციო ქონებად კლასიფიცირებული აქტივების პერიოდის ბოლოს რეალური ღირებულება უნდა გაამჟღავნოთ ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებით შენიშვნებში. რაც შეეხება რეალური ღირებულების მოდელს, ეს მოდელი განსხვავდება ბასს 16-ში აღწერილი გადაფასებული ღირებულების მოდელისგან. რეალური ღირებულების მოდელის გამოყენების შემთხვევაში, რეალური ღირებულების შეფასების თარიღში დადგენილი რეალური ღირებულება ხდება აქტივის საბალანსო ღირებულება.

საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების ცვლილებით გამოწვეული შემოსულობა ან ზარალი უნდა მიაკუთვნოთ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის მოგებას ან ზარალს. რეალური ღირებულების მოდელის გამოყენების შემთხვევაში, აქტივს ცვეთას არ დაარიცხავთ.

საინვესტიციო ქონების კლასიფიკაციის საკითხების მოკლე შეჯამება იხილეთ ილუსტრაციაზე:

ავტორი: admin

კომენტარის დატოვება